რუსთავში ცენტრალური ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, 2016 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოები ქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს, მათ შორის დაწყებულია ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდის რეაბილიტაცია.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს რუსთავის მერი დავით ჯიქია ადგილზე გაეცნო. რუსთავის მერის განცხადებით, პროექტის მიხედვით, ხიდის სავალ ნაწილზე დაირგება ასფალტის ახალი საფარი, განახლდება ტროტუარები და ლითონის მოაჯირი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები.

,,ხიდის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა 276 291 ლარი, მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ხიდზე სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყო და სამ თვეში დასრულდება, პარალელურად, ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის გაფართოების სამუშაოებიც მიმდინარეობს, ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ბორდიურები და დამონტაჟდება გარეგანათების თანამედროვე სისტემა. ასფალტის საფარის განახლების პროცესი ხორციელდება მშვიდობისა და გიორგაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზეც, პროექტის ღირებულება 108 499 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზატკეცილი+" ასრულებს. 2016 წელს, რუსთავში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 17 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. უახლოეს პერიოდში კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი დაიწყება, რომლის სატენდერო ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.