საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს

საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, პირისპირ შეხვედრის დროს გიორგი კვირიკაშვილმა და ბოჰუსლავ სობოტკამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა. ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჩეხ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ბოჰუსლავ სობოტკა საქართველოში მოიწვია.