"აფბა" საგარეო ვაჭრობის მონაცემებს აფასებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია "აფბას" ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა, საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემები შეაფასა. "აფბას" ინფორმაციით, მონაცემების მიხედვით 2016 წლის იანვარში, ექსპორტი 22%-ით, ხოლო იმპორტი 25%-ით არის შემცირებული.

"იმპორტ-ექსპორტის შემცირების რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი არსებობს. 2016 წლისთვის საქართველოს მთავარ, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან რადიკალური ცვლილებები არ გვაქვს. 2016 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან, თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. შესაბამისად, გასათვალისწინებელია ის შოკები, რაც მთელმა რეგიონმა და ჩვენმა მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა ქვეყნებმა გამოიარეს, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ექსპორტის მოცულობაზე", - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის მაჩვენებელი წლიურ ჭრილში გაზრდილია.

"აღსანიშნავია, რომ ექსპორტის კლებადი ტენდენციის მიუხედავად, აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი 2015 წელს 3,45%-ით (22,341მლნ) არის გაზრდილი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რაც მეტწილად დაკავშირებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მოქმედებასთან. ამ მიმართულებით შეინიშნება ქართველი მეწარმეების გააქტიურება, გაიტანონ ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე, რაც ექსპორტის საბოლოო მაჩვენებელზე დადებითად აისახება. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მთლიან ჭრილში, უდიდესი ხვედრითი წილი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა, ვინაიდან ძირითად იმპორტიორ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ე.წ. ევრო 4-ის სტანდარტის მიღებამ, პრაქტიკულად ამ ბაზრების ჩაკეტვა გამოიწვია. ექსპორტის მაჩვენებლებში ზრდა ფიქსირდება იმ დარგებში, რასაც ქვეყანა თავად აწარმოებს, ეს კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, ის, რითაც ეკონომიკა ძლიერდება, იზრდება", - განმარტავს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რეგიონში არსებული ქვეყნების ეროვნული ვალუტები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. მან მაგალითად მოიყვანა ის, რომ 50%-ით გაუფასურდა აზერბაიჯანული მანათი, თითქმის 66%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი და 20%-ზე მეტით თურქული ლირა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქვეყნები საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, ამან უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოდან ექსპორტის მოცულობაზე.

რაც შეეხება იმპორტის შემცირებას, ქვეყნისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში იმპორტის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს როგორც ექსპორტის ზრდის ხარჯზე, ისე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეთავაზებით. ხოლო იმისათვის, რომ იმპორტირებული სახელმწიფოსთვის მომგებიანი არ იყოს, უნდა მოხდეს ადგილობრივი საწარმოო პოტენციალის გაძლიერება და მეტი ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რომელიც 2016 წლის იანვრის თვეში 283 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99,2 მილიონი აშშ დოლარით არის შემცირებული, რაც უმნიშვნელო, თუმცა დადებითი ფაქტორია ეროვნული ვალუტის სტაბილურობის კუთხით", - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.