ახალგაზრდა მეწარმე ნემო ჯალაღონია დღეს ტექნოლოგიურ პარკს ეწვევა

ახალგაზრდა მეწარმე ზუგდიდიდან ნემო ჯალაღონია დღეს საქართველოს ტექნოლოგიურ პარკს ეწვევა. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე- პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მეწარმეს ტექნოლოგიურ პარკში საკუთარი იდეის კომერციალიზაცია შესთავაზეს.

20 წლის ნემო ჯალაღონიამ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მცირე საწარმო გახსნა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ნემო ჯალაღონია ახლად გახსნილ საწარმოში მეგობართან ერთად საქმიანობს, რომელიც თექაზე მუშაობს. მეგობრები ერთობლივად ქმნიან ნამუშევრებს, რომელთა რეალიზაციასაც ახორციელებენ და მომავალში საჩუქრების მაღაზიის გახსნასაც გეგმავენ. ნემო ჯალაღონიას თქმით, რომ არა მიღებული დაფინანსება, საყვარელ საქმეზე უარის თქმას აპირებდა, რადგან შესაბამისი დანადგარები არ ჰქონდა.

გაყიდვების ზრდის შემდეგ, მას 3D აპარატის შეძენა სურს, რომლითაც ნამუშევრების გრავირებას გააკეთებს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მეწარმეს ტექნოლოგიურ პარკში საკუთარი იდეის კომერციალიზაცია შესთავაზეს.

"ეს არის მეწარმეობის განვითარება. ეს ადამიანი სამსახურის ძებნას აღარ დაიწყებს, საკუთარ ოჯახს თავად შეინახავს და სხვებსაც დაასაქმებს", - განაცხადა პრემიერმა.