ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი", ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტები საბაჟო კონტროლის ზონაში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულ ავტობუსში აღმოაჩინეს, რომელსაც რუსეთის მოქალაქე ვ.მ. მართავდა.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ავტობუსში იმყოფებოდა მეორე მძღოლიც, საქართველოს მოქალაქე ა.ც. ავტობუსის სალონის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უკანა სავარძლებიდან ამოიღეს ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ЛИРИКА – 28 კაფსულა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL - 200 აბი. მძღოლების განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტები იყო ამანათი.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს.