ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები მოგების გადასახადის რეფორმას გაეცნენ

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ბიზნეს სექტორისთვის საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნო, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ახალი კანონპროექტის განხილვის პერიოდში გათვალისწინებული იყოს ბიზნესის წინადადებები და შენიშვნები.

კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მისი განხორციელების შემთხვევაში, მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხებს.

"მთავრობის ინიციატივა უაღრესად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ესაა ბიზნესის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული მოდელის შემოღება, კომპანიებს საშუალებას მისცემს, გამოათავისუფლონ უფრო მეტი სახსრები, გააკეთონ რეინვესტიცია, რაც გაზრდის ინვესტიციებს ქვეყანაში. უცხოურ კომპანიებს გაუჩნდებათ ინტერესი, კაპიტალი დააბანდონ საქართველოში და დაასაქმონ ადამიანები", - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი კოტრიკაძემ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს ნავთობიმპორტიორთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

"აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მისასალმებელია, რადგან ბიზნესს ექნება საშუალება, დაზოგოს ის თანხები, რომელსაც წინა პერიოდში იხდიდა მოგების გადასახადის სახით. ეს გაზრდის კომპანიებში ლიკვიდურობას, საწარმოს განვითარებისთვის მისცემს დამატებით თანხებს. ინვესტორებისთვის კი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან მოგების გადასახადის ახალი წესი მიმზიდველს გახდის ინვესტიციებს ქართულ კომპანიებში", - აღნიშნა კომპანია "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.