საქართველოდან ცხვრის ექსპორტი შემცირდა

ბოლო პერიოდში ქართველ მეცხვარეებს რეალიზაციის პრობლემები შეექმნათ. ქვეყნის შიდა ბაზარზე ცხვარზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება.

წლებია, რაც მეცხვარეების შემოსავალი ექსპორტზეა მიბმული - ქართული ცხვარი ძირითადად მუსლიმურ ქვეყნებში გადის.

როგორც მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, ცხვრის ექსპორტი უკვე შემცირებულია და მალე ეს ოფიციალურ მონაცემებზეც აისახება. მისი განმარტებით, ქართულ ცხვარს სახელი გაუფუჭდა, რადგან წლებია ქვეყანა სომხური ცხვრის გასაღების დერეფნადაა ქცეული.

,,ქვეყანაში ცხვარი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სომხეთიდან და რუსეთიდან შემოდის. საქართველოდან კი საღდება, როგორც ქართული ჯიშის. ერთი პრობლემა ამაში არის ის, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მათ უამრავი დაავადება შემოაქვთ, მათ შორის ჭირიც”, - აცხადებს ბექა გონაშვილი.

მისი თქმით, უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა საზღვარგარეთ ქართული ცხვრის რეალიზაციის საკითხი. ქვეყანაში კი შიდა მოხმარება მიზერულია. გონაშვილის თქმით, სულ მალე მეცხვარეები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ქვეყნების უმრავალესობა საქართველოდან ცხვრის იმპორტზე უარს იტყვის.

,,ქვეყანაში, სადაც ჭირი გამოვლინდა, მყიდველები აღარ შემოვლენ. სამწუხაროდ, ამას ვწინასწარმეტყველებდით, მაგრამ არ გვაქცევდნენ ყურადღებას. სომხურმა ცხვარმა სახელიც გაგვიფუჭა და დაავადებების გავრცელებასაც ხელი შეუწყო”, - ამბობს გონაშვილი.

მეცხვარეები პანიკაში არიან, რადგან სარეალიზაციო ბაზრები ერთმანეთის მიყოლებით იხურება.

,,მეცხვარეობის განვითერებისათვის ამ დარგში ასი მილიონი ლარის სესხებია გაცემული. თუ ცხვარი ვერ გაყიდეს, ეს ხალხი ვალს ვერ გადაიხდის”, - აღნიშნავს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე.

გონაშვილი აღნიშნავს, რომ აცრები საკმაოდ ოპერატიულად დაიწყო და იმედოვნებს, რომ სარეალიზაციო სეზონის დადგომამდე ქართულ ცხვარზე აკრძალვა აზერბაიჯანშიც მოიხსნება.

ჯუნო ჩიბურდანიძე მეცხვარეა. მისი შემოსავალი ძირითადად ექსპორტზეა დამოკიდებული. ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ დაავადებულ საქონელს არავინ იყიდის, შესაბამისად ექსპორტის შემცირებას ვარაუდობს.

,,წელს ისედაც ძალიან დაბალი იყო საექსპორტო ფასი. დაავადებების გამო ექსპორტი განახევრდება. ცხვრის ჭირი საქართვლოში არასოდეს ყოფილა, ამ დაავადების წარმოშობას სომხეთიდან შემოსულ ცხვარს ვუკავშირებთ”, - აღნიშნავს მეცხვარე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია უკვე ორი კვირაა მიმდინაროებს. უწყების ცნობით, პირველადი დიაგნოზით სპეციალისტებმა ეჭვი ცხვრის კატარალურ ცხელებაზე (ბლუთანგი) მიიტანეს. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ნიმუშები დიდ ბრიტანეთში არსებულ საერთაშორისო რეფერალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. გამოკვლევის შედეგებით, საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელება არ დადასტურდა. დამატებითი კვლევებით წვრილფეხა პირუტყვის დაავადება - ჭირი დადგინდა. აღნიშნული დაავადება მეზობელ ქვეყნებში - თურქეთსა და ირანშიც ფიქსირდება. წვრილფეხა პირუტყვის ჭირი ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სწრაფი გავრცელება არავაქცინირებულ ცხოველებში.

ქრისტინე გამთენაძე