ისრაელის წამყვანი სპეციალისტები ქართველ პაციენტებს რთული პათოლოგიების ოპერაციებს უფასოდ ჩაუტარებენ

გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში,

ისრაელის წამყვანი ქირურგები, ქართველ კოლეგებთან ერთად, რთული ქირურგიული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ისრაელიდან ჩამოსული  სპეციალისტები ჟვანიას კლინიკას დღეს ეწვევიან.

ოპერაციების უმრავლესობა, მათ შორის ჰირნშპრუნგის დაავადების, უკანა ტანისა და საყლაპავის ატრეზია, საქართველოსთვის თანამედროვე, ლაპარასკოპიული მეთოდით ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ბავშვთა ქირურგიის ახალ ეტაპზე გადასვლას.

ისრაელის წამყვანი ქირურგების ვიზიტი საქართველოში 22 თებერვალს დაიწყო, პროფესორებმა ჩაატარეს კონსულტაციები თსსუ-ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში. 23 და 24 თებერვალს სპეციალისტებმა ამავე კლინიკაში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლექციები წაიკითხეს. აღნიშნული ვიზიტის დროს მიღებული პრაქტიკული გამოცდილება და ინფორმაცია მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სტუდენტების, რეზიდენტებისა და ექიმების პროფესიული მომზადების ზრდას. საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი მიზნად თსსუ-ში უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების პროფესორების მოწვევას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, საქართველოში თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და განვითარებას ისახავს.