ქართული ვაშლის ჩიფსები ადგილობრივ ბაზარზე უახლოეს თვეებში გამოჩნდება

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ, რომელიც ქართულ ბაზარზე 6 თვეში გამოჩნდება.

ჩიფსების წარმოების იდეის დეტალებზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ”ბიზნესპრესნიუსი” პროექტის ხელმძღვანელს, შალვა მძინარაშვილს ესაუბრა.

”ჩვენ ვართ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, 2 წელია რაც უკვე ერთად ვმუშაობთ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ჯანსაღი პროდუქტის წარმოება”, - აღნიშნავს შალვა მძინარაშვილი და დასძენს, რომ პირველი იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ გუნდმა ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და 5 ათასი ლარი მოიგო. შემდეგი ეტაპი "სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებული კონკურსი აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 10 ათასი ლარის მოგება შეძლო.

შალვა მძინარაშვილის თქმით, გუნდი საწარმოს გახსნას გორის რაიონში გეგმავს: ”საწარმოებს, რომლებიც მთიან ზონაში იქნება დაფუძნებული, შეღავათები ექნებათ, საშემოსავლო გადასახადზე, დღგ-ზე და მოგების გადასახადზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გორის რაიონ სოფელ კოშკში გავაკეთოთ საწარმო და საჭირო პროდუქტი - ვაშლი, იქ მცხოვრები მოსახლეობისგან შევიძინოთ. თუ TS ფონდი ჩათვლის, რომ ეს ღირებული პროექტია მათთვის, ისინი უფრო დიდ დაფინანსებას გამოგვიყოფენ და დაგვეხმარებიან საწარმოსა და წარმოების მასშტაბების გაზრდაში“.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე წარმოებული ჩიფსების რაოდენობა თვეში დაახლოებით 5 ათასი პაკეტი იქნება და თბილისში, პოპულარულ სუპერმარკეტებში შევა. თუმცა მანამდე, გუნდი სადეგუსტაციო შეხვედრების ორგანიზებას აპირებს. ”სადეგუსტაციო ხასიათის შეხვედრების წარმოებას ვგეგმავთ მომხმარებელთან. ჩვენ აქამდეც გვქონდა შეხვედრები მომხმარებელთან სხვადასხვა ფესტივალებზე. მაგალითად, ”ღვინის ფესტივალზე” ღვინოსთან ერთად დაგემოვნებულმა ჩიფსებმა დიდი მოწონება დაიმსახურა”, - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე ვაშლის ჩიფსებით დაინტერესება დიდია, თუმცა გუნდი სხვა პროდუქტის წარმოებასაც აპირებს: ”ყველას აინტერესებს, როგორია ვაშლის ჩიფსი. ბაზარზე დიდი დაინტერესებაა. ყველა გვეკითხება, როდის გამოვა. აქამდე ჩიფსებს მცირე მასშტაბით ვაწარმოებდით. დანადგარი ჩვენ თვითონ ავაწყეთ. უნივერსიტეტმა ფართი გამოგვიყო, სადაც დანადგარის განთავსება შევძელით. ზოგადად, რთულია შექმნა კომპანია, რომელიც მხოლოდ ვაშლის ჩიფსებს აწარმოებს და მოგებაზე იმუშავებს, ამიტომ ჩვენ სხვა პროდუქციების განვითარებაზეც ვმუშაობთ”, - ამბობს შალვა მძინარაშვილი და სამომავლოდ ვაშლის ჩიფსების ექსპორტზე გატანასაც არ გამორიცხავს.

თამარ კორკოტაშვილი

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე