პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით პროექტი – "სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი" დაიწყება

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით პროექტი – "სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი" მარტში დაიწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების მოწყობა.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, პროფესორები, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი განახორციელებს.

პროექტის დირექტორის, პროფესორ მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, ეს არის განმანათლებლური პროექტი და მიზნად ისახავს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი გაგების, აზრის ჩამოყალიბებას - ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რაც ჩვენ ჩაგვაყენებს ევროპული, თავისუფალი, კონსტიტუციური სახელმწიფოების რიგში.

"11 თვის განმავლობაში პროექტის ფარგლებში იგეგმება წამყვანი უცხოელი პროფესორების მოწვევა, რომლებიც საჯარო ლექციების სერიებს ჩაატარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და პრეზიდენტის სასახლეში", - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პროექტის დირექტორის მოადგილის ირინე გორგილაძის განცხადებით, ლექციები შეეხება დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის, დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს, ადამიანის უფლებების აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკას.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება პანელდისკუსიები და ვორქშოპები რეგიონებშიც.