გაფიცული მაღაროელები წუხელ შახტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

ტყიბულში გაფიცული მაღაროელები წუხელ შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.

მაღაროელები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ადგილობრივი მოსახლეობა.

სიტუაციის დაძაბვის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. შახტის ადმინისტრაციის შენობასთან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

დაახლოებით ერთ საათში გაფიცულმა მაღაროელებმა "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

ტყიბულში მაღაროელები რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.