კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ პირველი თებერვლისათვის 16.2 მლრდ ლარი შეადგინა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2016 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 176.1 მლნ ლარით გაიზარდა და 2016 წლის პირველი თებერვლისათვის 16.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 129.6 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 305.7 მლნ ლარით გაიზარდა.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით - 5.2 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

2016 წლის იანვრის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 128.7 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.23 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.47 პროცენტული პუნქტით შემცირდა.