არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი თებერვლისთვის 14.5 მლრდ ლარს გადააჭარბა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი თებერვლისათვის 14.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 198.7 მლნ ლარით ანუ 1.4 პროცენტით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 323.0 მლნ ლარით ანუ 4.0 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 124.3 მლნ ლარით, ანუ 2.0 პროცენტით.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 28.66 პროცენტი შეადგინა - პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით 1.87 პროცენტული პუნქტით ნაკლები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.8 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.4 პროცენტი შეადგინა.