ირაკლი ბოქოლიშვილი - ბიზნესში კონკურენციის ფაქტორი აუცილებლად უნდა არსებობდეს

"ნიკორას" წარმატების 17 წელი

„ნიკორა“ ქართულ ბაზარზე თითქმის ოცი წლის წინ გამოჩნდა... ერთი მცირე საწარმოთი დაწყებული ბიზნესი ამ წლების განმავლობაში დიდ ბიზნესად იქცა, რომელიც ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, ღვინის საწარმოებსა და იმპორტიორ კომპანიებს აერთიანებს.

ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში იყო ბევრი სირთულე, თუმცა ფაქტია, რომ დღეს „ნიკორა“ იმ მცირერიცხოვანი ქართული კომპანიების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მომხმარებლის მაღალი ნდობით სარგებლობენ. ეს კი პირველ რიგში, პროდუქციის მაღალი ხარისხით არის განპირობებული... ამ ეტაპზე, „ნიკორა“ 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, ქართულ ბაზარზე 200-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი, ჰოლდინგის თანამშრომლების რიცხვი კი 4 000-ს აღემატება.

2015 წელს „ნიკორას“ ხორცპროდუქტების წარმოება და სუპერმარკეტების ქსელი „ოქროს ბრენდი 2014“-ის მფლობელი გახდა.

როგორ ვითარდებოდა კომპანია წლების განმავლობაში, რა ფაქტორებმა ითამაშა მთავარი როლი მის წარმატებაში და როგორია ბრენდის საექსპორტო პოტენციალი - ამ და სხვა საკითხებზე „ბიზნესპრესნიუსი“ სს „ნიკორას“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი ბოქოლიშვილს ესაუბრა.

- 17 წელია, „ნიკორა“ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი და ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ მასშტაბურ ზრდასა და წარმატებას მიაღწია. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა კომპანიის ასეთი მზარდი წარმატება?

1998 წელს, როდესაც „ნიკორა“ ბაზარზე შემოვიდა, დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ, არც კი იყო იმის შეგრძნება, რომ კომპანია ამხელა მასშტაბებს მიაღწევდა... დამფუძნებლებმა თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და აქცენტი პროდუქტის ხარისხსა და საგემოვნო თვისებებზე გააკეთეს. ამას დაემატა ის ფაქტორიც, რომ ბაზარზე კონკურენცია არც ისე დიდი იყო, კომპანიას საწყის ეტაპზე, ფაქტობრივად, არ ჰყავდა სერიოზული კონკურენტი. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები გახდა იმის გარანტია, რომ „ნიკორამ“ ძალიან სწრაფად მოიპოვა საზოგადოებაში პოპულარობა და ზრდა/განვითარების სერიოზულ მასშტაბებს მიაღწია.

თავიდან ხორცპროდუქტების დამზადების პროცესი მიმდინარეობდა საბჭოთა ტიპის საწარმოში - ძველი დანადგარებით. თუმცა, 2000 წლის ბოლოს, მოხდა ინფრასტრუქტურის განახლება - ჩამოვიტანეთ თანამედროვე ავსტრიული და გერმანული დანადგარები, რამაც კიდევ უფრო დახვეწა და გააუმჯობესა პროდუქციის ხარისხი.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ იმ პერიოდში არ იყო დიდი კონკურენცია. თუმცა, დღეს ბაზარი განვითარდა, გამოჩნდნენ მსხვილი მოთამაშეები. როგორ ახერხებს „ნიკორა“ კონკურენტებთან ერთად „თანაცხოვრებას“?

-კონკურენციის ფაქტორი აუცილებლად უნდა არსებობდეს... ეს ჩვენთვის მისასალმებელია - სტიმულის მომცემია! ბაზარზე კონკურენტული გარემოს არარსებობა იწვევს მოდუნებას, პროდუქტის ხარისხის კლებას და უამრავ ნეგატიურ მოვლენას.

დღეს, საქართველოში ხორცპრუდუქტების ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა - მე ვიტყოდი, რომ 4-5 მსხვილი კომპანია ეცილება ერთმანეთს ლიდერობაში და მე პირადად, მოხარული ვარ, რომ ჩვენი კონკურენტების უმრავლესობა ქართული კომპანიაა. მთავარი ფაქტორი, რაც განაპირობებს რომელიმე ჩვენგანის ლიდერობასა და გაყიდვების მეტ მოცულობას, ხარისხისა და ფასის ოპტიმალური შეფარდება გახლავთ.

- „ნიკორა“ როგორ ახდენს ამ ორი კომპონენტის შეფარდების ბალანსს?

ამ ეტაპზე, „ნიკორა“ აწარმოებს სამი ხაზის პროდუქციას. პირველი გახლავთ პრემიუმ კლასის „კაიზერი“, რომელიც ფაქტობრივად, ხორცპროდუქტების დელიკატესებს აერთიანებს და ხარისხითა და საგემოვნო თვისებებით ნებისმიერ ევროპულ პროდუქტს თამამად გაუწევს კონკურენციას.

მეორე გახლავთ ყველაზე პოპულარული „ნიკორას“ ხაზი, რომელიც ყველაზე დიდ ასორტიმენტს მოიცავს და ასევე ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა... მაშინ, როცა „კაიზერისა“ და „ნიკორას“ პროდუქცია საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი, კომპანია ასევე აწარმოებს ეკონომკლასის პროდუქტს - „კორიდას“ სახელწოდებით. „კორიდა“ შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა, რაც სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია, ბაზრის გაფართოების საშუალება. დაბალი ღირებულება კი მიღწეულია საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე.

- როგორც თქვენ თქვით, „კაიზერს“ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ევროპულ პროდუქტს. თქვენი აზრით, ზოგადად ქართულ პროდუქციას რამდენად აქვს ექსპორტის პოტენციალი და რამდენად შესწევს უნარი ჩაანაცვლოს იმპორტირებული?

-იმპორტირებულს უკვე ანაცვლებს. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის სპეციფიკურ ხორცპროდუქტებზე - მაგალითად, ხამონზე, რომელიც საქართველოში არ მზადდება... სხვა ყველაფერი ჩვენ უკვე გვაქვს იმპორტის ჩასანაცვლებლად.

სხვათა შორის, საქართველოში „ნიკორა“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ნედლად შებოლილ დელიკატესებს აწარმოებს და მე თუ მკითხავთ, ჩვენს პროდუქციას ევროპულთან შედარებით უპირატესობაც გააჩნია. პროდუქტი ევროპული ტექნოლოგიების სრული დაცვითაა გამოყვანილი, მაგრამ მისი საგემოვნო თვისებები მეტადაა მორგებული სპეციფიკურ ქართულ გემოვნებაზე, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მოთხოვნა ნედლად შებოლილ დელიკატესებზე, მისი ღირებულებიდან გამომდინარე, ჯერ არ არის დიდი, თუმცა წლიდან წლამდე იზრდება და თუ აქამდე „ნიკორას“ ჰქონდა ორი მოსამწიფებელი კამერა, სადაც ამ სახეობის ძეხვეულის გამოყვანა ხდება, სულ მალე ჩამოგვივა მესამე კამერაც.

რაც შეეხება ქართული ხორცპროდუქტების საექსპორტო პოტენციალს - პრინციპში ის არსებობს... იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იჯარის ხარჯი უფრო დაბალია და მუშახელის ხელფასიც ნაკლები, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში, ხარისხითა და ფასით ჩვენი პროდუქცია შეიძლება იყოს კონკურენტული. აქ უბრალოდ სხვა მომენტია - უცხოურ ბაზარზე შესვლა არის ძალიან რთული, მით უმეტეს ევროპის ბაზარზე, რომელიც ასწლოვანი ისტორიის მქონე ცნობილი ბრენდების ხორცპროდუქტებითაა გაჯერებული. ამას ემატება პროდუქტის შენახვის ვადების პრობლემაც. ნიკორა საკვებდანამატებს, რომელიც აუცილებელია პროდუქტის საგემოვნო თვისებებისთვის, მინიმალური რაოდენობით იყენებს, გამომდინარე აქედან ჩვენს ძეხვეულს შენახვის მცირე ვადა აქვს, რაც ექსპორტს ძალიან ართულებს.

- „ ნიკორა“ თუ გეგმავს ექსპორტზე გასვლას?

-ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტის ცალკეული მცდელობები გვქონდა, მაგრამ აქაც თავი იჩინა პროდუქციის მოკლე ვადიანობის პრობლემამ. ამას გარდა, აზერბაიჯანში წავაწყდით ე.წ. „შავი ეკონომიკის“ ფაქტორსაც... სომხეთში თავიანთი პროდუქტი აქვთ საკმარისი და უცხოურის შეტანას ერიდებიან. თურქეთში ექსპორტი შესაძლებელია - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაც გვაქვს, მაგრამ ის მხოლოდ ცალმხრივად სრულდება. თურქული პროდუქტი საქართველოში თავისუფლად შემოდის, თუმცა როდესაც ჩვენ გვქონდა იქ პროდუქციის შეტანის მცდელობა, გადავაწყდით ბიუროკრატიულ პრობლემებს. რაც შეეხება უკრაინასა და რუსეთს - ამ ქვეყნებში გარდა იმისა, რომ საკმაოდ განვითარებულია მზა ხორცპროდუქტების სეგმენტი, არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, არასტაბილური პარტნიორებიც არიან. სწორედ ამ მიზეზების გამო, ჯერჯერობით, ექსპორტზე აქცენტი ნაკლებად გვაქვს გაკეთებული.

- თქვენი აზრით, იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც „ნიკორამ“ საქმიანობა დაიწყო, როგორ განვითარდა ბიზნესი საქართველოში?

-დამოუკიდებელ საქართველოს ბიზნესის განვითარების მიმართულებით რამდენიმე პერიოდი ჰქონდა - პირველი ეს იყო 90-იანი წლები, როდესაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა ვინ რას აკეთებდა, არ არსებობდა რეგულაციები, ყვაოდა ე.წ. „შავი ეკონომიკა“, სახელმწიფო სტრუქტურები გადასული იყვნენ რეკეტზე და ა.შ... 2004 წლიდან სიტუაცია შეიცვალა - თავიდან ძალიან სწორი მიმართულებითაც... ბიზნესი მოექცა კანონის ჩარჩოებში და დაიწყო განვითარება. თუმცა, 3-4 წლის შემდეგ ისევ დაიწყო სახელმწიფო რეკეტი. ეს პროცესი დასრულდა 2012 წელს და შეიძლება ითქვას, რომ ახლა ბიზნესის განვითარების მესამე ფაზაში ვართ. 2013 წლიდან მოყოლებული, ბიზნესმა რეალურად იგრძნო, რომ არ უნდა ჰქონდეს განვითარების შიში. თუმცა, ამას დაემთხვა მსოფლიოში არსებული ნავთობის კრიზისი, რეგიონალური არასტაბილურობა, რამაც ის მოსალოდნელი სწრაფი ზრდა, რომელიც უნდა ყოფილიყო 2013 წლიდან, შეანელა.

- მთავრობის ინიციატივაზე მინდა გკითხოთ, ე.წ. „ესტონური მოდელის“ შემოღებაზე, რომელიც ბიზნესის მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ბიზნესს წაახალისებს. თქვენ აზრით, რამდენად სასარგებლო იქნება „ესტონურ მოდელზე“ გადასვლა?

- რასაკვირველია, წაახალისებს. მარტივად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომპანია გენერირებულ მოგებას ისევ ბიზნესში აბრუნებს, მას გადასახადი არ ეხება. ანუ, ბიზნესმენს აქვს მეტი სტიმული, რომ განახორციელოს ინვესტირება არსებულ ბიზნესში. შესაბამისად, ბიზნესს აქვს უფრო მეტი ფული დინამიური განვითარებისთვის. ამას გარდა, ეს არის ძალიან კარგი გზავნილი უცხოელი ინვესტორებისთვის და რა თქმა უნდა, წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯი.

- გასულ წელს, „ნიკორა ტრეიდმა“ შეიძინა „ნუგეშის“ ქსელი. ბევრი სკეპტიკოსი მაშინ მიიჩნევდა, რომ „ნუგეშში“ ფასების გაზრდა მოხდებოდა. როგორ შეიცვალა „ნუგეშის“ საფასო პოლიტიკა და რა ცვლილებები განიცადა ქსელმა?

-როდესაც დღის წესრიგში „ნუგეშის“ ყიდვის საკითხი დადგა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელის მთავარი უპირატესობები - უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მომსახურების მაღალი სტანდარტები და რა თქმა უნდა, უმკაცრესად დაცული ჰიგიენური პირობები - „ნუგეშის“ მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მართლაც, დავხვეწეთ მომსახურების კულტურა, გავმართეთ მაცივარ-დანადგარები, ჩვენი სპეციალური სამსახური რეგულარულად აკონტროლებს სურსათის შენახვის პირობებსა და ვადიანობას... ჩემი აზრით, ძალიან კარგი სიმბიოზი მივიღეთ!

არავითარ შემთხვევაში არ ვგეგმავდით და არც ვგეგმავთ, რომ საფასო პოლიტიკა შევცვალოთ. ამ პერიოდში „ნუგეშის“ ქსელში თუ რამე პროდუქტის გაძვირება მოხდა, ეს გამოწვეულია მხოლოდ მომწოდებლების მიერ ფასის ზრდით, რაც თავის მხრივ განპირობებულია ვალუტის კურსის ცვლილებით.

მომავალში გვინდა ჰიპერმარკეტის მიმართულებითაც განვავითაროთ ბიზნესი და უკვე არსებულ „ლიბრეს“ მივამატებთ სხვა დიდი ფორმატის ობიექტებს, სადაც სავაჭრო დარბაზი 1000-დან 2000 კვ.მ. იქნება. აუცილებლად შევინარჩუნებთ ჯიხურებსაც...

რაც შეეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს, როგორიცაა ზეთი, შაქარი, კვერცხი და ა.შ. - მთელ ქსელში გატარებულია „ნუგეშის“ საფასო პოლიტიკა და ფიქსირდება რეკორდულად დაბალი ფასები.

- „ნიკორას“ საკმაოდ მრავალი მიმართულებით აქვს წარმოება, იქნება ეს რძის პროდუქცია, ნაყინები, პურ-ფუნთუშეული თუ სხვა. მომავალში თუ აპირებთ ბაზარზე ახალი ნიშის დაკავებას?

-საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა 2015 წლისთვის, თუმცა არსებული ეკონომიკური სიტუაციისა და „ნუგეშის“ შეძენის საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი პროექტიდან გამომდინარე, ზოგიერთი პროექტის შეჩერება მოგვიხდა.

წელს აუცილებლად გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს - პირველ რიგში, პურ-ფუნთუშეულის მიმართულებით. უახლოეს პერიოდში გაიმართება ახალი სრულიად ავტომატიზირებული საწარმო, რომელიც ასორტიმენტის გაფართოების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე, წელს ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციის განხორციელებას ფრეშ სალათებისა და მზა საკვების წარმოების მიმართულებითაც. გვაქვს გარკვეული მოსაზრებები რძის პროდუქტებისა და თევზის წარმოების განვითარების მხრივაც.