თავისუფლების მოედანზე ხვალ "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხვალ, 27 თებერვალს, თავისუფლების მოედანზე "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციას გამართავს.

როგორც "თბილისის ჰამქრის" ხელმძღვანელმა ცირა ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალინდელ აქციაზე "პანორამა – თბილისის" მშენებლობას გააპროტესტებენ.

"ჩვენ გავაპროტესტებთ "პანორამა თბილისს", ასევე გავაცნობთ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენს აზრს. გვინდა გავაფორმოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან შეთანხმება, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და შემდგომ მოვა ხელისუფლებაში, რომ "პანორამა თბილისი" არ განხორციელდეს. ასევე ვითხოვთ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას", - განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი ხვალინდელ აქციაში მონაწილეობას თბილისელებს და ქართულ საზოგადოებას თხოვს.

"პანორამა თბილისის" მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის ახირება. მშენებლობა მიდის და საზოგადოებას ერთი მულტფილმის გარდა არ უნახავს არაფერი, არავინ იცის, როგორი სახის იქნება ეს პროექტი. ჩვენ ვნახეთ სადღაც მთაზე დაცურავენ ზვიგენები და ასეთი შენობა იქნება, თუმცა, რეალურად რის განხორციელებას გეგმავენ, ჩვენთვის უცნობია. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ ხვალ თავისუფლების მოედანზე პანორამა თბილისის პროექტი გააპროტესტოს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.