დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთში ქართულ-თურქული ორმხრივი ინვესტიციების შემდგომი წახალისების საკითხი განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ქართულ-თურქული ორმხრივი ინვესტიციების შემდგომი წახალისების საკითხი განიხილა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული შეხვედრა თურქეთის ქალაქ სტამბულში, ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე და სს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ინვესტიციების შემდგომი წახალისების მიმართულებით ისაუბრეს. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია როგორც თურქული ბიზნესისა და ინვესტიციების დაცვა და წახალისება საქართველოში, ისევე ქართულისა - თურქეთში.

საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი 24-25 თებერვალს თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები თურქეთის სამთავრობო და ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან გამართა.