რა ღირს 30-წამიანი სარეკლამო ჭრა „ოსკარის“ ცერემონიის დროს

ლოს ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში „ოსკარის“ დაჯილდოების 88-ე ცერემონია რამდენიმე საათში გაიმართება.

წლის მთავარი კინოპრემია „დოლბის“ თეატრში 3 400 სტუმარს მოუყრის თავს, თუმცა დაჯილდოების ცერემონიას მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი მიადევნებს თვალს ტელეეკრანის მეშვეობით.

ცერემონიის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების უფლება ტელეკომპანია ABC-ის აქვს, რისთვისაც სტუდია „დისნეი“ 2020 წლამდე აკადემიას ყოველწლიურად 75 მილიონ დოლარს იხდის. საერთო ჯამში, მსოფლიო მასშტაბით ტელეტრანსლირების ლიცენზია 75 ქვეყანას აქვს ნაყიდი.

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის ტრანსლირებისას ABC-ის ეთერით რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სიამოვნებაა. 30-წამიანი სარეკლამო ჭრა წელს 2,2 მილიონი დოლარი ეღირება. გასულ წელს 30-წამი რეკლამის ღირებულება 1,95 მილიონი დოლარი იყო.

წლევანდელი ღონისძიების უალკოჰოლო სასმელებით მომარაგების უფლება „პეპსიმ“ და „კოკა-კოლამ“ იყიდეს. მთავარ სპონსორებს შორის ასევე არიან „სამსუნგი“, Chevy და კომპანია Kohl.

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიამდე, კინოსტუდიები ასევე რამდენიმე ათას დოლარს იხდიან სხვადასხვა გამოცემებში მათი ფილმების ან ფილმში მონაწილე მსახიობების შესახებ რეკლამის სანაცვლოდ.

„ოსკარის“ სეზონზე, რომელიც ტრადიციულად შემოდგომით იწყება და დაჯილდოების ცერემონიამდე გრძელდება, გამოცემა Hollywood Reporter-ის პირველ გვერდზე მსგავსი სახის რეკლამის განთავსება 72 ათას დოლარს აღწევს.