მთავრობამ რამდენიმე კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე გაფორმებული მემორანდუმები შეუწყვიტა

მთავრობამ რამდენიმე კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმები შეუწყვიტა.

შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელს აწერს, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განკარგულებების თანახმად, შეწყვეტილია საქართველოს მთავრობასა და შპს "Royal Haskoning DHV"-ს შორის 2013 წლის 30 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა ჰიდროელექტროსადგურის ნაწილში. აღნიშნულ კომპანიას მდინარე ტეხურაზე 4 ჰიდროელექტროსადგური უნდა აეშენებინა, ესენია "ლეჩეხა ჰესი" (დადგმული სიმძალვრე 18,4 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 90,8 მლნ კვტ.საათი); "ერჯია ჰესი" (დადგმული სიმძალვრე 29,1 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 133,7 მლნ კვტ.საათი), "ცხიმრა ჰესი" (დადგმული სიმძალვრე 27,6 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 134,4 მლნ კვტ.საათი) და "ნობულევი ჰესი" (დადგმული სიმძლავრე 42 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 197,4 მლნ კვტ.საათი).

ამასთან, განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობასა და შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერს" შორის 2013 წლის 22 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი შეწყდა ამავე დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა ჰიდროელექტროსადგურის ნაწილში. აღნიშნულ კომპანიას "ლახამის", "ცხვანდირის", "ოკრილისა" და "ლარაკვაკვას" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა.

ასევე განკარგულების თანახმად, შეწყდა მთავრობასა და შპს "თრიალეთი 2013"-ს შორის 2014 წლის 16 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. კომპანიას უნდა განეხორციელებინა თრიალეთის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესწავლა და მისი მშენებლობა, ფლობა, ოპერირება.

გარდა ამისა, შეწყდა საქართველოს მთავრობასა და შპს "ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს" შორის 2013 წლის 12 სექტემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ყველა ჰიდროელექტროსადგურის ნაწილში. აღნიშნულ კომპანიას მესტიის მუნიციპალიტეტში მდინარე ლახამზე ჰესების კასკადის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა.

განკარგულებების თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ დასახელებული კომპანიებისთვის მემორანდუმების შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა უნდა უზრუნველყოს.