თბილისში კონფერენცია "საქართველოში გადახდისუუნარობის ძირეული რეფორმის გზამკვლევი" გაიმართა

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია "საქართველოში გადახდისუუნარობის ძირეული რეფორმის გზამკვლევი" გაიმართა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მთავარი მიზანი საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემის ოპტიმიზაციის შესაძლებლობების კვლევა წარმოადგენდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და მიხეილ სარჯველაძე, EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სოსო ბაღათურია, საქართველოს GIZ ოფისის წარმომადგენლები და USAID G4G პროექტის ხელმძღვანელი მაილო სტევანოვიჩი.

სადისკუსიო შეხვედრა ქართული გადახდისუუნარობის კანონმდებლობისა და პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებს შეეხო. განხილულ იქნა გადახდისუუნარობის პროცესში მონაწილე პირების როლი, ფუნქციები და კომპეტენციები. მსჯელობა წარიმართა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სასამართლოს, მეურვის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის მმართველების, მოვალისა და კრედიტორის თანამშრომლობის შედეგიანობა. ასევე, სიცოცხლისუნარიანი საწარმოების რეაბილიტაციის მექანიზმები, რეაბილიტაციის წინაპირობები, საწარმოს მომზადება რეაბილიტაციისთვის და გადაწყვეტილების მიღება.

კონფერენციაზე მოხდა ქართული სისტემის შედარება საერთაშორისო სტანდარტებთან და აპრობირებულ პრაქტიკასთან. შეხვედრის პროცესში გამოთქმული მოსაზრებები გავლენას მოახდენს გადახდისუუნარობის სისტემის გაუმჯობესების მიზნით მიმართული სამუშაოების შინაარსსა და პრიორიტეტებზე.

კონფერენცია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გაიმართა.