საგადასახდო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ტყიბულელ მაღაროელებსაც შეეხებათ

პარლამენტი დაჩქარებული წესით "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მმართველი გუნდის მტკიცებით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს საგადასახდო შეღავათებს უწესებს.

დეპუტატების - გია ვოლკის, გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის სახელით მომზადებული პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა და მას საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტები დღეს გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. ამავე კვირას საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

2016 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაშია "საგადასახდო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირი, რომლის კმაყოფაზეა 18 წლის ასაკს მიუღწეველი სამი ან მეტი შვილი, მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება. ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირს, რომლის კმაყოფაზეა ერთი ან ორი 18 წელს მიუღწეველი შვილი, მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული 3000 ლარამდე შემოსავლის გადასახადი 50%-ით უმცირდება - ანუ არსებული 20%-ის ნაცვლად, მისი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 10%-იან დაბეგვრას ექვემდებარება. საგადასახადო შეღავათი ასევე ეხება მაღალმთიან დასახლებაში არასაბიუჯეტო, კერძო ორგანიზაციაში დასაქმებულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს - ასეთ ორგანიზაციაში წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული 6 000 ლარამდე შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, მათ მიერ მომზადებული პროექტი დამაზუსტებელ ხასიათს ატარებს, რადგან მოქმედი "საგადასახდო კოდექსით" იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ პირს შეღავათები მხოლოდ იმ შემთხვევებში შეეხება, თუ ის შემოსავალს იმავე დასახლებაში იღებს, სადაც ცხოვრობს. პარლამენტში ინიცირებული პროექტით დგინდება, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირი უფლებამოსილია მიიღოს შეღავათები ნებისმიერ სხვა მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში საქმიანობისას.

გარდა ამისა, საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ძალაში რჩება საგადასახადო შეღავათები იმ პირთათვის, რომლებიც 2016 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედი "მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ" კანონით მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. მათთვის 2016 წლის 1-ელ იანვრამდე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები კვლავაც განაგრძობს მოქმედებას. კერძოდ, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირი, რომლის კმაყოფაზეა 18 წლის ასაკს მიუღწეველი სამი ან მეტი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირს, რომლის კმაყოფაზეა ერთი ან ორი 18 წელს მიუღწეველი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული 3000 ლარამდე შემოსავლის გადასახადი 50%-ით უმცირდება.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკითხის ინიცირებისას ითქვა, საგადასახდო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ტყიბულელ მაღაროელებსაც შეეხებათ.