ოპეკ-მა ნავთობის მოპოვების მოცულობა შეამცირა

ოპეკ-მა თებერვალში ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში 280 ათასი ბარელით შეამცირა. 

"როიტერის" ცნობით, თებერვალში ოპეკ-ის წევრი ქვეყნები ყოველდღიურად 32,37 მილიონ ბარელს მოიპოვებდნენ.

სააგენტოს ინფორმაციით, შემცირება უკავშირდება ერაყში არსებულ ვითარებას, სადაც ნავთობით მდიდარი ქურთული რეგიონებიდან შავი ოქროს მიწოდება შეწყდა. კერძოდ, ნავთობსადენი ქურთისტანიდან 17 თებერვლიდან გადაიკეტა და მარტის შუა რიცხვებამდე არ ამოქმედდება.

„როიტერი“ წერს, რომ ნავთობის მოპოვების სტაბილურ მოცულობას ინარჩუნებს საუდის არაბეთი, რაც მიუთითებს ელ-რიადის ვენესუელასთან, რუსეთსა და ყატართან მიღწეული შეთანხმების ერთგულებაზე, რომლის თანახმად შავი ოქროს მოპოვების მოცულობა იანვრის მონაცემებს არ აღემატება.

„როიტერის“ ცნობით, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ირანში ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში 200 000 ბარელით გაიზარდა. მანამდე თეირანი აცხადებდა, რომ საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ ექსპორტს დღეში 500 000 ბარელამდე გაზრდის.

„ბლუმბერგის“ ცნობით, დღეს ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება 37 აშშ დოლარამდე, WTI-ის მარკის ნავთობი კი - 34,2 აშშ დოლარამდე გაიზარდა.