ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, დღევანდელი ეკონომიკური ზრდა უფრო მცირეა, ვიდრე 2008 წელს ომის დროს და შემდგომ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, დღევანდელი ეკონომიკური ზრდა უფრო მცირეა, ვიდრე ეს 2008 წელს ომის დროსა და შემდგომ, მსოფლიო კრიზისის დროს იყო.

"როდესაც ინვესტიცია, ექსპორტი, იმპორტი მცირდება, ლარი კი ხელოვნურ სუნთქვაზეა, ბუნებრივია, ეკონომიკა მცირდება. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით იანვრის მონაცემები გამოქვეყნდა, რომელიც სამწუხაროდ, 0.8%-ს შეადგენს. ესაა 3.8%-ჯერ ნაკლები, ვიდრე დაგეგმილი იყო. ზოგადად, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში საოცრად შემცირებულია. მხოლოდ იანვრის მონაცემები რომ ავიღოთ და 2015 და 2016 წელს შევადაროთ, ვნახავთ, რომ ის კატასტროფულად შემცირებულია. ეკონომიკა უკან მიდის", - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

მისივე ინფორმაციით, 2004-2007 წლებში, საშუალოდ წლიური ზრდა 9.4% იყო.

"თუ ამ წლებს გავაერთიანებთ ომის შემდგომ პერიოდთან, ანუ 2004-2012 წლებთან, ვნახავთ, რომ საშუალოდ ეკონომიკური ზრდა 6.2% იყო. ხოლო 2013-2015 წლებში ეს 3.5%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია კითხვა - სად ვიქნებით მომავალში ასეთი განვითარებით? თუ ჩვენ 0.8%-ით გავიზრდებით, ბელგიის დონეს 321 წელიწადში დავეწევით, ხოლო ესტონეთს 210 წელიწადში. თუ მთავრობა, დაგეგმილი რაც აქვს, ანუ 3%-ს წლიურ ზრდას მიაღწევს, ბელგიის დღევანდელ დონეს 87 წელიწადში, ესტონეთისას კი 57 წელიწადში დავეწევით", - აცხადებს მელიქიშვილი.

ზურაბ მელიქიშვილს კომენტარს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.