სერგო რატიანი - 6 მარტს "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის "გაზპრომთან" მოლაპარაკებას გააპროტესტებს

6 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომის" წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განაცხადა.

6 მარტს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს სიმბოლურ ჯაჭვს, რითაც საქართველოს მთავრობის "გაზპრომთან" მოლაპარაკებას აპროტესტებს და სადაც აშკარაა ნაციონალური ინტერესების დათმობა", - განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ არაადეკვატური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ის ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება.

"მინდა ვუთხრა მთავრობას და კალაძეს, მათ აქვთ დრო, ცხადი განცხადებები გააკეთონ, როგორია ჩვენი პოზიცია "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დროს. არანაირი დაიმედება ნათელ მომავალზე არაა სანდო, საზოგადოება არ ენდობა ამ დაპირებებს. ამიტომ, ჩვენ ვაცხადებთ, გვექნება აქცია და ქართული საზოგადოება მთავრობის პოლიტიკას ამ მიმართულებით გააპროტესტებს. ჩვენთვის აქციები თვითღირებულებას არ წარმოადგენს, მნიშვნელოვანია შედეგი, ამიტომ მათ აქვთ დრო დააფიქსირონ მკაფიოდ თავიანთი პოზიცია", - განაცხადა სერგო რატიანმა.

სერგო რატიანის კომენტარს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.