"თეთრი სიის" წარმოების ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის ე.წ. თეთრი სიის წარმოების ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა.

როგორც შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, ახალი წესის ამოქმედებამდე რამდენიმე კვირით ადრე სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელთაც დეტალურად გააცნეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის (თეთრი სია) წარმოების ახალი წესი.

მათივე ინფორმაციით, აქამდე არსებული რეგულაციის მიხედვით, მეწარმე სუბიექტს თეთრ სიაში მოსახვედრად, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონოდა არანაკლებ 1 000 000 ლარის ბრუნვა. თუმცა, სააგენტოს მიერ ამ კუთხით ჩატარებული კვლევების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება არაერთი მეწარმე, რომლებსაც არ გააჩნიათ ზემოთ მითითებული ბრუნვა, თუმცა, წლების განმავლობაში, ყოველგვარი შეფერხებისა და ჩავარდნების გარეშე, კეთილსინდისიერად ასრულებენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებს.

დღეიდან მოქმედი ახალი წესის მიხედვით, შემოდის დამატებითი კრიტერიუმი - თეთრ სიაში შეიძლება დარეგისტრირდეს აგრეთვე ის მიმწოდებელი, რომელსაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჯეროვნად აქვს შესრულებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სულ მცირე 30 ხელშეკრულება (მაგრამ არანაკლებ წელიწადში 5-ისა). ამგვარი ხელშეკრულების შესრულება უნდა დასტურდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ითა და ანგარიშსწორების შესახებ ასახული ინფორმაციით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იმედს გამოთქვამს, რომ მეწარმეები აქტიურად გამოიყენებენ "თეთრი სიის" ახალი წესით შემოთავაზებულ შესაძლებლობას, რაც ბიზნესა და ეკონომიკური განვითარებისათვის დამატებითი სტიმული იქნება.