ბავშვებისათვის უსაფრთხო ინტერნეტის პროექტის განხორციელებაზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს

სამუშაო ჯგუფი ბავშვებისათვის უსაფრთხო ინტერნეტის პროექტის განხორციელებაზე მუშაობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კომუნიკაციების ომბუდსმენმა თამთა ტეფნაძემ განაცხადა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს არასრულწოვანი მომხმარებლებისთვის ინტერნეტში განთავსებული კონტენტის სათანადო ფილტრაციის უფრო ეფექტური და ქმედითი მექანიზმის შემუშავებას.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავების მიზნით შეიქმნა.

"მიმაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავი მშობლის ინტერესს მოიცავს. საერთაშორისო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, რეალურად შესაძლებელია საქართველოშიც უფრო ეფექტური მექანიზმი იქნას შემუშავებული და სათანადო რეგულაციები საკანონმდებლო დონეზე იქნას შემოღებული, რაც შემდგომში ბავშვებისათვის უსაფრთხო ინტერნეტით სარგებლობას უზრუნველყოფს", - განაცხადა თამთა ტეფნაძემ, რომელიც თავად არის აღნიშნული ჯგუფის წევრი.

მისივე ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფში შემავალი სტრუქტურები, ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები საკმაოდ წარმომადგენლობითია.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, კონკრეტული საკითხები სამუშაო ჯგუფის რეჟიმში შემუშავდება.

"უნდა შევიმუშავოთ კანონმდებლობა, რომელიც მაქსიმალურად დაარეგულირებს საკითხს, რათა ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება არასრულწლოვანთათვის საზიანო აღმოჩნდეს, დარეგულირებული და დაცული იყოს და მათთვის იოლად ხელმისაწვდომი არ იყოს. კონკრეტული საკითხები სამუშაო ჯგუფის რეჟიმში შემუშავდება. არსებობს ასეთი პრაქტიკა ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებში, სადაც საკითხი რეგულირდება. პროვაიდერებს ვალდებულება აქვთ გაფილტრონ იმ ტიპის ინფორმაციები, რომ არასრულწლოვანთათვის ხელისაწვდომი არ იყოს, რაც მნიშვნელოვნად საზიანოა მათი ფსიქოემოციური სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის. აქამდე ეს არ რეგულირდებოდა. ეს იყო მხოლოდ სატელევიზიო სივრცეში, როდესაც გადაცემას აქვს მარკირება, ის არის დაშვებული 12, 16 თუ 18 წლის ზევით. ამიტომ, ამ ტიპის რეგულაციები უნდა არსებობდეს ასევე ინტერნეტთან მიმართებაში", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჟურნალისტებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ესაუბრა მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური. მისი თქმით, ინტერნეტის რეგულაციის მიმართულებით, თურქეთის და რუსეთის მაგალითების მოყვანა არ შეიძლება.

"ამ მიმართულებით წასვლა პირადად ჩემთვის ნიშნავს, რომ ინტერნეტის თავისუფლების კუთხით ძალიან ცუდი რაღაცეები შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა უჩა სეთურმა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა დღეს გასულ წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. კომუნიკაციების ომბუდსმენმა თამთა ტეფნაძემ სხვა საკითხებთან ერთად, ინტერნეტ სამომხმარებლო ბაზარზე დღეს არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით, მედია სფეროში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობაზე, არალეგალური კონტენტის სათანადო რეგულირებასა და ბავშვებისათვის უსაფრთხო ონლაინ გარემოს შექმნის უზრუნველყოფაზე ისაუბრა.