მსჯავრდებულების წარმოებული პროდუქცია ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით გაიყიდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, "პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულებს მათ მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოებული პროდუქციისა და ნაკეთობების რეალიზაციის საშუალება ეძლევათ.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებების პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში უკვე დაწყებულია. გუშინ კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, დღეს კი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, პატიმრობაში მყოფი პირის მიერ დამზადებული პროდუქცია, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვით და კონტროლით ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევა, ე.წ ონლაინ მაღაზიის გამოყენებით გაიყიდება. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. მაღაზიის შექმნასა და მისი მუშაობის ორგანიზებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნული საქმიანობის პირობები და პროდუქციის სახეობები კი, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი მსჯავრდებული ამზადებს სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს - მინანქრისა და თექის ნაწარმი, ხის ნაკეთობები და სხვა. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს "პატიმრობის კოდექსის" არსებული რედაქცია არ ითვალისწინებდა. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები კი, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე