აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ყავას და ქსოვილებს არ შეეხება

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ შეეხება ყავას და ქსოვილებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ აბხაზია" წერს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვები შეეხება თევზის, ხილის, ბოსტნეულის და კიდევ რამდენიმე პროდუქციის იმპორტს თურქეთიდან.

აფხაზეთის ე.წ.მთავრობამ თურქეთის წინააღმდეგ შეზღუდვები იანვარში დააწესა. სანქციების მიხედვით, 1-ელი მარტიდან აფხაზეთში თურქეთის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური საქმიანობა იკრძალება.

როგორც ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას 2014 წელს რუსეთთან გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება" ითვალისწინებს. რუსეთმა კი ანკარას სანქციები 2015 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაუწესა, რაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. რუსეთის სანქციები თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას და თურქეთში რუსული ტუროპერატორების მუშაობის შეჩერებას ითვალისწინებს.