სვანურმა მარილმა ევროპის სხვადასხვა გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა

შპს ,,ლუშნუს” წარმოებული სვანური მარილი ქართულ სარეალიზაციო ბაზარზე ერთ თვეში გამოჩნდება.

როგორც საწარმოს დირექტორი სანდრო გოშთელიანი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, "ლუშნუ” საცდელი წარმოებიდან სტანდარტიზებულ წარმოებაზე გადადის. საწარმოს დამფუძნებლის თქმით, საჭირო დანადგარები ჩინეთიდან უკვე ჩამოსულია და წარმოება უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროდუქცია ბაზარზე 50, 100 და 150 გრამინი შეფუთვებით იქნება წარმოდგენილი.

,,პირველ ეტაპზე ჩვენი პროდუქციით ადგილობრივი ბაზრის ათვისებას ვაპირებთ, მომავალში კი ევროპასა და აზიის საექსპორტო ბაზარზეც გავალთ. ჯერჯერობით, მოლაპარაკებების პროცესში ვართ და კონკრეტულ დეტალებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ”, - აღნიშნავს გოშთელიანი. საწარმოს დამფუძნებელი ევროპის საექსპორტო ბაზარზე გასვლისთვის საჭირო სტანდარტიზაციასთან დაკავშირებულ სერთიფიკატებზეც აპირებს მუშაობის დაწყებას.

მისი თქმით, სვანური მარილის საცდელმა წარმოებამ დაადასტურა, რომ პროდუქცია ნებისმიერ ბაზარზე მოთხოვნადია. გოშთელიანის ინფორმაციით, სვანურმა მარილმა ევროპის სხვადასხვა გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

შპს ,,ლუშნუ” 2015 წელს დაფუძნდა. საწარმო, რომელიც მესტიაში მდებარეობს, პირველ ეტაპზე 6 ადამიანს დაასაქმებს. დასაწყისისთვის, დანადგარების შესაძენად საწარმოში 50 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე