საბურთალოს გამგებელი - დასადგენია, დაზარალებულ ოჯახებს ვინ უნდა აუნაზღაუროს ზარალი

სიტუაციის გაცნობის შემდეგ გაირკვევა, როგორ შეიძლება დაზარალებულებისთვის დახმარება , - ამის შესახებ დიდ დიღომში გამთენიისას წყლის მილის დაზიანების შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან დაკავშირებით საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ განაცხადა.

გამგებელის თქმით, შემთხვევის ადგილზე დიდი დიღმის საუბნო სამსახურის უფროსი ტარიელ ტყემალაძე იმყოფება. ამოტუმბვით სამუშაოებს ასევე სამაშველო სამსახური ასრულებს. მიქაუტაძის თქმით, დასადგენია, არის თუ არა ზარალზე პასუხისმგებელი კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი".

ბექა მიქაუტაძის თქმით, ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ მოხდება ზარალის დათვლა და გაირკვევა, როგორ შეიძლება დაზარალებულების დახმარება.

"უნდა ვნახოთ რა ხდება, უნდა დაითვალოს ზარალი. ამის შემდეგ მოხდება შემდგომი რეაგირება. დასადგენია ასევე, ვინ უნდა აანაზღაუროს ზარალი. ადგილზე ამოტუმბვით სამუშაოებს სამაშველო სამსახური ასრულებს. დასრულდება ეს ყველაფერი, ამას გავაანალიზებთ და რა თქმა უნდა, არ დარჩება უყურადღებოდ ხალხი", - განაცხადა გამგებელმა.

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას წყლის მილი გასკდა. წყლის ნაკადი 12 მეტრს აღწევდა.

ძლიერი წნევის გამო მიწიდან ამოხეთქილმა წყალმა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. ასევე დაზიანდა 10-მდე მანქანა. ამ მომენტისთვის წყალი დაკეტილია.