გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 1 მილიონ 357 ათასი ლარი გამოიყო

გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე 10 სოფლისთვის სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობამ, დამატებით 1 მილიონ 357 ათასი ლარი გამოყო.

ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ იყო ინიცირებული.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გორისა და კასპის რაიონში გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფელში სასმელის წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 1 მილიონ 357 ათასი ლარი გამოიყო. 2016 წლის ბოლომდე ამ სოფლებში სასმელი წყლის ჭაბურღილები მოეწყობა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით მუშაობას მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სასმელი წყლის ჭაბურღილები მოეწყობა შემდეგ სოფლებში - კასპის რაიონი: ბოჟამი, ხვითი; გორის რაიონი: ზემო სობისი, მერეთი, ქორდი, წითელუბანი, ფლავისმანი, ფხვენისი, ფლავი და დიცი.