SOCAR ქვემო ქართლის რეგიონის ფერმერებს სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროულად ჩატარებაში დაეხმარება

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დღეს, რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო.

მემორანდუმს ხელი კომპანია SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია SOCAR-ი ქვემო ქართლის რეგიონის ფერმერებს სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროულად ჩატარებაში, მოსავლის აღებაში, მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით შეფერხების გარეშე უზრუნველყოფაში, აგრეთვე რეგიონის სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

დღეს კომპანია SOCAR-მა ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას საკუთრებაში უსასყიდლოდ 10 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა - ტრაქტორები, ასევე მიწის სახნავი მოწყობილობები გადასცა.

"დღეს, ზოგადად, მნიშვნელოვანი დღეა. თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი "სოკართან", საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული ტექნიკური პრობლემები და ეს პრობლემები, არის მოგვარებული. მომავალი წლების განმავლობაში საქართველო უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი მოცულობებით, რომლის მოზიდვა მოხდება შაჰდენიზიდან. ასევე, მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, რადგან არის შესაძლებლობა და ქვემო ქართლს კომპანია ,,სოკარისგან" საჩუქრად გადაეცა ტრაქტორები, რაც მისასალმებელია. ეს ტრაქტორები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელ იმ პროექტებს, რომელიც ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი - უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

დღესვე ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა სტუმრებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში სკოლა გახსნა, რომლის რეაბილიტაცია SOCAR-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კომპანიამ სკოლაში სარემონტო სამუშაოების წარმოება 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში 122 მოსწავლე სწავლობს და 33 პედაგოგია დასაქმებული.