ნოდარ ხადური მოკლე ვადაში ლარის კურსის დასტაბილურებას, საშუალოვადიან პერიოდში კი, გამყარებას ელოდება

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურებას, საშუალოვადიან პერიოდში კი გამყარებას ელოდება. შესაბამისი კომენტარი ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბარში ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

როგორც ხადურმა აღნიშნა, ლარი არ არის იზოლირებული იმ პროცესებისგან, რომელიც განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარეობს.

,,თქვენ ხედავთ, რომ რეგიონის ქვეყნებში არის ადგილობრივი ვალუტების გამყარება, ნავთობის ფასების მერყეობაც აღარ არის ძალიან დიდი", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი "ლარის კურსზე დაწოლას" არ ახდენს.

,,როგორც დაგპირდით, ვასრულებთ ჩვენს სიტყვას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი კურსზე დაწოლას არ ახორციელებს. ველოდებით, რომ კურსი დასტაბილურდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება", - განაცხადა ხადურმა.