ოთარ დანელიამ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის კოოპერატივებს მოტობლოკები გადასცა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის კოოპერატივებს მოტობლოკები გადასცა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის" ფარგლებში, მინისტრმა ოთარ დანელიამ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 20 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 29 აგროკომპლექტი გადასცა. კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს -11 აგროკომპლექტი, ონის მუნიციპალიტეტის 13 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს კი 18 აგროკომპლექტი.

ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, რაჭა-ლეჩხუმის მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს" თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.

სამინისტროს განცხადებით, "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის" მიზანია ხელი შეუწყოს რთული რელიეფის მქონე და მცირე მიწის ნაკვეთების დამუშავებასა და მათ ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულობას.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის შეღავათიან ფასად, ღირებულების 24%-ად გადაცემა. თითოეულ კომპლექტში მოტობლოკის აგრეგატი (სათიბით, გუთნით, კულტივატორით) და ხელის სათესი შედის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეები დევნილები ან/და ეკომიგრანტები არიან, ასევე მაღალმთიან, სასაზღვრო და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს თითო კომპლექტის შესყიდვისას, დამატებით გადაეცემათ 1 ხელის სათესი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.

სამინისტროს ინფორმაციით, "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის" ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 584 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1415 აგროკომპლექტი უკვე მიიღო.