ნოდარ ხადურმა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გრძელდება ბიზნესთან კომუნიკაცია და მათ დღეს დეტალურად გააცნეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები.

ხადურის თქმით, მსგავსი შეხვედრები ბიზნესმენებთან მომავალშიც გაგრძელდება, კერძოდ, მიმდინარე კვირაში დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

"დღევანდელ შეხვედრაზე გავაცანით როგორც მოგების გადასახადის რეფორმა, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დაგეგმილი სიახლები. ვფიქრობ, რომ ეს ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი სტიმული იქნება", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედების ვადებს, ხადურის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესმენებთან მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენ ბიზნესთან ვმუშაობთ და თუ მათი მხრიდან იქნება არგუმენტები, ჩვენ თავისთავად ცხადია, რომ გვინდა, ხელი შევუწყოთ ბინესის განვითარებას და არა დამატებითი პრობლემები შევუქმნათ მათ", - განაცხადა ხადურმა.

თავის მხრივ, "მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" პრეზიდენტის მიხეილ ჭელიძის განცხადებით, შეხვედრაზე ტექნიკური ხასიათის გარკვეული რეგულაციების დაკონკრეტება მოხდა.

მისევე თქმით, რამდენიმე შეკითხვა შეეხო ყადაღის თემას, წინა პერიოდის მოგებებს და ა.შ.