შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - თურქეთში უმსხვილესი კომპანია Boydak ჰოლდინგის მეპატრონეები ოპოზიციურობის გამო დააპატიმრეს

თურქეთში უმსხვილესი კომპანია Boydak ჰოლდინგის მეპატრონეები პრეზიდენტ ერდოღანის ხელისუფლებამ ოპოზიციურობის გამო დააპატიმრა. ამის შესახებ ნათქვამია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"პრეზიდენტ ერდოღანის ხელისუფლება, თავისუფალი მედიის გაჩუმების, ხელში ჩაგდებისა და მთავრობის მაკრიტიკებელი ჟურნალისტების დაპატიმრებასთან ერთად ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილ ბიზნესმენებსაც აპატიმრებს. გუშინ ქვეყანაში არსებული უმსხვილესი კომპანიებიდან ერთ-ერთი ″Boydak″ ჰოლდინგის მეპატრონეები საქველმოქმედო ორგანიზაციებზე შეწირულობის გაკეთების გამო დააპატიმრეს. საინფორმაციო სააგენტო "ციჰანის" ცნობით, ქვეყნის ყველაზე მეტი გადასახადის გადამხდელ ჰოლდინგებში არსებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰაჯი ბოიდაქი და ჯგუფის გენერალური დირექტორი მემდუჰ ბოიდაქი გუშინ დააკავეს, საბჭოს ორი წევრი კი გაათავისუფლეს", - აცხადებენ უნივერსიტეტში.

მათივე თქმით, სასამართლომ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის დახმარება "ტერორიზმის მხარდაჭერად" შეაფასა და ბიზნესმენებს პატიმრობა შეუფარდა. ჰაჯი ბოიდაქი და მემდუჰ ბოიდაქი ციხეში გადაყვანისას სასამართლოსთან მყოფმა ნათესავებმა და კომპანიის თანამშრომლებმა ტაშით გააცილეს.

″Boydak″ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და დაკავებული ჰაჯი და მემდუჰ ბოიდაქების ძმამ მუსტაფა ბოიდაქმა, მედიისთვის მოკლე განცხადება გააკეთა. მუსტაფა ბოიდაქმა სასამართლოს გარეთ მყოფ ნათესავებსა და კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

″ორი დღეა ჩვენი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 4 წევრი დაკავებული ჰყავდათ. ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სამართლებრივ პროცედურებს ვაკვირდებოდით. დაკავებული ძმების მიმართ ბრალდებები არსებობს, ჩვენი სურვილი იყო, რომ სასამართლო წინასწარი პატიმრობის გარეშე გაგრძელებულიყო. თურქეთის მართლმსაჯულების გვჯერა, ვფიქრობთ, წარსულში გაკეთებული საქველმოქმედო საქმიანობის გამო დააპატიმრეს. ღმერთით ყველაფერი კარგად დასრულდება. კანონის ფარგლებში რისი გაკეთებაც შეგვეძლება, ყველა გზას მივმართავთ," - განაცხადა მუსტაფა ბოიდაქმა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, თურქეთის მასმედია კი ჰოლდინგის ხელმძღვანელების დაპატიმრებას პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ მათი ოპოზიციურობით ხსნის.

Boydak ჰოლდინგის მიერ ქვეყანაში 14 ათასი ადამიანია დასაქმებული.