მარია შარაპოვა რამდენიმე მილიონს დაკარგავს

მსოფლიოს უმსხვილესმა სპორტული პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ Nike რუს ჩოგბურთელ მარია შარაპოვასთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის მიზეზი ჩოგბურთელის მიერ დოპინგ-ტესტის ჩავარდნასთან დაკავშირებით გაკეთებული სენსაციური განცხადება გახდა.

”ჩვენ გაკვირვებულნი და იმედგაცრუებულნი ვართ მარია შარაპოვაზე ახალი ამბის გამო. გადავწყვიტეთ, გავყინოთ ურთიერთობები მარიასთან გამოძიების დასრულებამდე”, - ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, კომპანია Nike რუსი ჩოგბურთელის ერთ-ერთი უმთავრესი სპონსორია და მათი ურთიერთობა რამდენიმე წარმატებულ წელს ითვლის. მარია შარაპოვასთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებები კომპანიებმა Porsche-მ და Tag Heuer-მაც გააკეთეს.

ამასთან Nike-თან და სხვა კომპანიებთან წარმატებული ურთიერთობის წყალობით, მარია შარაპოვა ჟურნალ Forbes-ის მიერ არაერთხელ იქნა დასახელებული მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენ ქალად. ბოლო რეიტინგის მიხედვით, მან 24,4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და აქედან 90% კომპანიებზე Nike, Avon, Samsung, Tag Heuer, Evian და Head-ზე მოდის, დანარჩენი 10% კი უშუალოდ ჩოგბურთში გამომუშავებული თანხა იყო.

შეგახსენებთ, მარია შარაპოვამ 7 მარტს ლოს-ანჯელესში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. მარიას თქმით, დოპინგ-ტესტი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობისას გაიარა, დადებითი აღმოჩნდა, ჩოგბურთელს ორგანიზმში პრეპარატი მელდონიუმი აღმოუჩინეს.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა აღიარა, რომ 10 წლის განმავლობაში იღებდა მელდონიუმს, რომელიც მხოლოდ წელს შეიტანეს აკრძალული პრეპარატების სიაში. შარაპოვას თქმით, ის აღიარებს საკუთარ დანაშაულს, რადგან არ წაიკითხა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეპარატი აიკრძალა.

ჯერჯერობით არაფერი თქმულა დისკვალიფიკაციის ვადაზე, რომელიც შესაძლოა, 1-დან 4 წლამდე გაგრძელდეს და ჩოგბურთელს კარიერის დასრულებაც მოუწიოს.

კოკა კვირკველია