მიხეილ მაჭავარიანი – წლევანდელი ზამთარი დამთავრდა და რუსული გაზის გარეშე გავძელით - რა აღმოჩნდა, ვის აქვს მოკლე ფეხები?!

ჩვენი ინფორმაციით, 2016-2017 წლის ზამთრის პერიოდში, რუსეთიდან გაზის ტრანზიტის საფასურის მონეტიზაციის თემა დღის წესრიგში ისევ დადგება, - ამის თაობაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც უმცირესობას ხვალინდელ საკომიტეტო სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მოსმენა სურს, სწორედ "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებია.

"კახი კალაძეს პირველად პარლამენტში მოსვლა 2015 წლის ნოემბერში ვთხოვეთ, როდესაც შევიტყვეთ, რომ ის 25 სექტემბერს ჩუმად, ისე რომ არ გამოაცხადა, კომპანია "გაზპრომის" პრეზიდენტს ალექსეი მილერს შეხვდა, რომელიც პრაქტიკულად პუტინის მარჯვენა ხელია და ესაუბრა მას გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით საქართველოსთვის წამგებიან პირობებზე. ამის მერე კალაძე დაიმალა და დაიწყო სიტყვების კორიანტელი - "დივერსიფიკაცია", "უფრო კარგი პირობები"... მას პარლამენტში მოსვლა იანვარშიც ვთხოვეთ, მაგრამ არ მოვიდა. ჩვენი ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ ეკონომიკურად და პოლიტიკურად წამგებიანი კონტრაქტის ხელმოწერა ვერ გაბედა, გაზის ტრანზიტის საფასურის მონეტიზაციის თემა 2016-2017 წლის ზამთრის პერიოდში, დღის წესრიგში ისევ დადგება. ფაქტიურად, აზერბაიჯანელები შეიპირეს, რომ გაზი გვექნება და ახლა შეიძლება წავიდნენ, საქართველოსთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად წამგებიან, ხოლო რუსეთისათვის მაამებლურ პროექტზე. კალაძე გვარწმუნებდა, რომ თუკი "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე არ წავიდოდით, 2015-2016 წლის სეზონზე გაზი არ გვეყოფოდა. წლევანდელი ზამთარი დამთავრდა და რუსული გაზის გარეშე გავძელით?! რა აღმოჩნდა, ვისა აქვს მოკლე ფეხები?!", - განაცხადა მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც "ნაციონალურ მოძრაობას" კახი კალაძესთან კითხვები აქვს, რაიონების გაზიფიკაციის საკითხია. როგორც მაჭავარიანი აცხადებს, ამ მიმართულებით მოუგვარებელ პრობლემას ყველა მაჟორიტარი დეპუტატი აწყდება და ერთადერთი რაიონი, სადაც "მეტ-ნაკლებად ტემპია", არის სამტრედია.

მაჭავარიანის ინფორმაციით, არის პრობლემები ელექტროენერგიის გამრიცხველიანების კუთხით და ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებითაც.

"ჩვენ დროს დაიწყო და აშენდა თურქეთთან გადამცემი ხაზის მშენებლობა. ეს ხაზი დატვირთული არ არის. იმის მიუხედავად, რომ მიიწერეს, ჩავიდნენ და ხან ლენტები ჭრეს და ხან – კაბელები, ხაზი დატვირთული არ არის. რატომ მოხდა ენგურის ისე ხარჯვა, რომ პრობლემები შეგვექმნა და იძულებული ვართ, ელექტროენერგია შევისყიდოთ? რატომ არის, რომ როგორც კალაძემ გამოაცხადა, სამომხმარებლო, სოციალურმა ტარიფმა დაიწია და მოსახლეობისათვის გაზი არ იაფდება? გვაქვს ინფორმაცია "საქჰდროსთან" დაკავშირებით, რომელიც კალაძის მფლობელობაში იყო, რომ ტენდერთან დაკავშირებით არის კორუფციული გარიგებები. გივი თარგამაძემ ფულის გზავნილთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული ფაქტი გაახმაურა, რომლის მიხედვით, დავით ქარსელაძემ ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადმოურიცხა. საინტერესოა, რომ ამის გარანტორი არის "კალა კაპიტალი", ხოლო დავით ქარსელაძე, რომლის სახელიც და გვარიც ჩვეულებრივად ისმის, არის ცნობილი "კალატოზა". კალაძესთან კითხვები გვაქვს ძალიან ბევრი", - განაცხადა მაჭავარიანმა, რომელიც ირწმუნება, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკის დარგში ინვესტიციები შემცირდა, ხოლო პრობლემები გაიზარდა.

ხვალ, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მივა. მინისტრთან ერთად, მის მოადგილეებს მარიამ ვალიშვილსა და ილია ელოშვილსაც მოუსმენენ.

მათი მოსმენა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება, რომელიც 11:00 საათისთვის არის დანიშნული.