კახა კალაძე - წინა ხელისუფლების დროს ენერგეტიკის მიმართულებით დაწყებული მუშაობა მისასალმებელია

სამწუხაროა ის, რომ ქვეყანაში არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თუნდაც იმ რესურსების გამოყენებას, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ - ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არგუმენტების გარეშე ხდება ამაზე საუბარი და ეს ხდება მიზანმიმართულად, რომ მოხდეს დარგის დისკრედიტაცია.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ქვეყანაში ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიესალმებიან ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების განხორციელებას.

"წინა ხელისუფლების დროს ამ მიმართულებით დაწყებული მუშაობა არის მისასალმებელი. როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, ყველა იმ პროექტის განხორციელება დავასრულეთ, რომლებიც იყო დაწყებული. რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემები, თუმცა იყო ბევრი გაკეთებული საქმე ამ მიმართულებით. ის გზა, რომელიც გვაქვს არჩეული, ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, ეს არის სწორი მიმართულება, სწორი გზა, სწორი არჩევანი. ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ ავითვისოთ ის რესურსები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია", - განაცხადა კალაძემ.