ქართული ტყლაპი და ჩურჩხელა, შესაძლოა, ექსპორტზე ამერიკასა და პოლონეთში გავიდეს

ქარხნული წესით დამზადებული ქართული ტრადიციული ხილის პროდუქტები, შესაძლოა, ექსპორტზე ამერიკასა და პოლონეთში გავიდეს. ამ ეტაპზე კი შპს ,,დინასტიას” მიერ წარმოებული ტყლაპი, ჩურჩხელა, ტკბილი კვერები და ჩირები მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საწარმოს დირექტორის იური კოპაძის განცხადებით, პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა ამჟამინდელი წარმოება და სიმძლავრე ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს. შპს ,,დინასტია” წარმოების მასშტაბების გაზრდას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

,,ვიღებთ გრანტს და სერიოზულ ინდუსტრიულ წარმოებაზე გადასვლას ვაპირებთ. ახალი საწარმო სოფელ საღოლაშენში აშენდება. დიდი შანსია, რომ ამერიკის ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია. ზაფხულში კი პოლონეთთან დავდებთ ხელშეკრულებას ტყლაპების მიწოდებაზე”, - აღნიშნავს იური კოპაძე.

შპს ,,დინასტია” 2009 წელს დაფუძნდა. საწარმო კონფლიქტის ზონაში, სოფელ დვანში მდებარეობს. დასაწყისში მასში 40 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში ამჟამად 9 ადამიანია დასაქმებული. წარმოება მთელი წლის განმავლობაში, პერიოდულად კი დიდი დატვირთვით მუშაობს.

ქრისტინე გამთენაძე