კახა კალაძე აუცილებლობის შემთხვევაში, "გაზპრომიდან" დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის ყიდვაში პრობლემას ვერ ხედავს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აუცილებლობის შემთხვევაში "გაზპრომიდან" დამატებითი მოცულობების ბუნებრივი აირის ყიდვაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ კახა კალაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე უმცირესობის დეპუტატის თინა ბოკუჩავას კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ბოკუჩავა დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა კალაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს რუსული გაზი, ამაში კრიმინალი არ არის.

"მე ამას ვუყურებ სუფთა ეკონომიკურ ჭრილში. თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება, თუ ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს დაჭირდებათ დამატებითი მოცულობა და მისი შემოტანის შესაძლებლობა ვერ გვექნება ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან - აზერბაიჯანიდან, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მოხდეს თუნდაც "გაზპრომიდან" ნაყიდი გაზით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება თუ ჩვენ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ჩავანაცვლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და მთლიანად შემოვიყვანოთ "გაზპრომი". ეს, რა თქმა უნდა, ცუდი იქნება", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობა გეოპოლიტიკურად.

"გვაქვს შესაძლებლობა ბუნებრივი აირი მივიღოთ როგორც აზერბაიჯანიდან, "შაჰდენიზიდან", ასევე თეორიულად არის შესაძლებლობა მივიღოთ ირანიდან ამის საჭიროება თუ დადგება", - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, იმ მოლაპარაკებების შედეგად, რომლის მიხედვითაც ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას "სოკართან", წლების განმავლობაში გაზმომარაგების მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იქნება.