დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა , რომელსაც Heritage Foundation-ის ხელმძღვანელი პირები და ამავე ორგანიზაციის პერიოდული გამოცემის Economic Freedom Index მთავარი ექსპერტები დაესწრნენ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებზე, რომ ბიზნესი საქართველოში კიდევ უფრო თავისუფალი იყოს.

სამინისტროს ინფორმაციით, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის დახმარების მნიშვნელობას რეფორმების წარმატებით განხორციელების საქმეში. ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან დაახლოების პროცესსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც საქართველო იღებს ამ მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკების დაწყებაზე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხსა და "ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან" წარმატებულად დასრულებულ პროცესზე.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ფონდის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა იმ წარმატებას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია ბოლო წლებში ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით. ამავდროულად, მათ დაადასტურეს მხარდაჭერა ყველა იმ ინიციატივის მიმართ, რომელთა მიზანსაც ქვეყნის კიდევ უფრო მეტად განვითარება წარმოადგენს.