ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 100 მლნ ევროს გამოუყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს, 25 წლის ვადით, 100 მლნ ევროს გამოუყოფს, რომელიც მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ამას ითვალისწინებს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელშეკრულება "საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება", რომელიც პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარედგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, გამოყოფილი თანხის ნახევარი - 50 მლნ ევრო თბილისში, გასულ წელს მომხდარი სტიქიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, 25 მლნ - ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, ხოლო დარჩენილი 25 მლნ ევრო კი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მცირე ზომის პროექტებს - გზების და წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის არის გათვალისწინებული.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, თითოეული ტრანშის ჩარიცხვა ეტაპობრივად მოხდება და გამოყოფილი თანხის სავალუტო ერთეული და სესხის პირობები ინდივიდუალურად დადგინდება.

ევროპის ბანკის მიერ გამოყოფილ სესხს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განკარგავს.