ქურთისტანის საინვესტიციო ფონდი საქართველოში ნავთობაგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქურთისტანის საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი, კომპანია "აზექსიმ ოილ პეტროლისსა" და "რეგან გრუპის" პრეზიდენტი აჟდარ ასკერი მიიღო.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ერაყის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის კერძო საინვესტიციო ფონდი საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება და საქართველოს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

აღსანიშნავია, რომ ქურთისტანის საინვესტიციო ფონდი საქართველოში ნავთობაგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს და ენერგეტიკული სექტორის გარდა ინვესტიციების დაბანდებას ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორშიც აპირებს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქურთისტანის საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელს აჟდარ ასკერს საპარტნიორო ფონდის მანდატი და ფუნქციები გააცნო. გაცნობით შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.