თუთის ნერგების დარიგება დაიწყო

საქართველში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შუა აზიიდან შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების დარიგება დაიწყო.

ქვეყნის მასშტაბით ნერგები დაურიგდება ყველა დაინტერესებულ ფერმერს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და ნერგების მწარმოებელს. დღევანდელი მონაცემებით, ნერგები რეგიონების მიხედვით უკვე გადანაწილდა - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი - 10750 ნერგი, იმერეთი - 11100, გურია - 13 800, კახეთი - 16050, აჭარა - 3300.

პროექტის ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები თუთის ბაღები გაშენებაში დაეხმარებიან და თუთის მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებებს გააცნობენ.

აღსანიშნავია, რომ უზბეკეთიდან შემოტანილი ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგები ნაყოფს არ იძლევა და იგი გამოიყენება მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად. თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით.

ქართველმა ბიზნესმენმა, კომპანია ,,ასკანელიძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცა. პროექტის თანახმად, ბენეფიციარებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ.

მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის განხორციელებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა ჩართულები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.