დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტ დიმიტრის ციცარაგოსთან შეხვედრა გამართა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიმდინარე პროექტები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომლის მიზანია ეკონომიკის განვითარება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ბიზნესის სტიმულირება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ 4-პუნქტიანი რეფორმის მნიშვნელობას.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მისი განხორციელება მნიშვნელოვნად შეცვლის ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებას და ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, მათ შორის, ე.წ. "სტარტაფების" წახალისებას.

მისივე თქმით, რეფორმა შეეხება ასევე მმართველობის სისტემასა და რეგიონულ პოლიტიკას, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

საქართველოს ვიცე პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული რეფორმის მხარდაჭერისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.