21 წლის ქართველი სტუდენტი მარწყვის სასათბურე მეურნეობას იწყებს

21 წლის სტუდენტი გიორგი ცირეკიძე მარწყვის სასათბურე მეურნეობით დაინტერესდა.

როგორც სტუდენტი აღნიშნავს, ამ ეტაპზე უკვე მზად არის 100კვ.მ -მდე კონსტრუქცია, რომლის ბოლომდე დასრულების შემდეგ ჩითილის დარგვა გახდება შესაძლებელი.

”ამ ეტაპზე უკვე მზად მაქვს კონსტრუქცია 100კვ/მ -მდე, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული და აკლია მხოლოდ დასარგავი სტელაჟები და ჩითილი, დანარჩენი ყველაფერი მწყობრში მაქვს. ფინანსურად უკვე 8 000 ლარამდე დაიხარჯა ამ კონსტრუქციის სრულყოფისთვის”, - აღნიშნავს გიორგი ცირეკიძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, თავდაპირველად, სათბურში 2 ტონამდე მარწყვი მოვა, სამომავლოდ კი მოსავალი 4 ტონამდე გაიზრდება.

”რაოდენობით ორ ტონამდე იქნება თავიდან. ბაზარზე გასვლის შემდეგ რაოდენობა გაიზრდება. ჯამში, ამ ფართობზე 4000 ძირამდე ნერგი დაეტევა. ამიტომ სამომავლოდ 4 ტონამდე გაიზრდება სრული მოსავალი”, - აცხადებს სტუდენტი და დასძენს, რომ პროდუქტის რეალიზებას თბილისის ბაზარსა და საკონდიტროებში აპირებს.

გიორგი ცირეკიძის ინფორმაციით, მცირე ბიზნესის დაწყებას ამ ეტაპზე საკუთარი სახსრებით ცდილობს. თუმცა, მზად არის მსგავსი საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებთან სათანამშრომლოდ.

”ვცდილობ ჩემი შესაძლებლობებით მივიყვანო ბოლომდე ეს საქმე და დავიწყო რეალიზაცია ისე, რომ სესხი ან რამე მსგავსი არ ავიღო, რაც ხარჯს გაზრდის. მაგრამ თუ გრანტის სახით დაფინანსების მიღებას შევძლებ, ეს ჩემთვის სასიამოვნო იქნება. არც დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობაზე ვიტყოდი უარს: მეტ ფართობზე გავაკეთებთ ერთად და მეტი შესაძლებლობები გვექნაბა”, - აცხადებს 21 წლის სტუდენტი.