თემურ გრიგალაშვილი - დავით ნარმანიას უნიათო მმართველობამ თბილისის მერია ქარვასლად გადააქცია

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თემურ გრიგალაშვილი რაიონული გამგეობების საგზაო ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს.

როგორც თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც რაიონულ გამგეობებში გამოცხადებულ საგზაო ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, დავით ნარმანიას უნიათო მმართველობამ თბილისის მერია ქარვასლად გადააქცია, სადაც ყველა საკუთარი წესებით ვაჭრობს, შედეგად დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები იფლანგება.

"თბილისის მერიამ მიმდინარე წლის დასაწყისში საგზაო სამუშაოებზე ტენდერები ზღვრული ფასებით გამოაცხადა. მათივე მხრიდან ოფიციალურად გაცხადდა, რომ ანალოგიურად გამოცხადდებოდა საგზაო ტენდერები რაიონულ გამგეობებშიც, თუმცა რეალურად ეს მხოლოდ რამდენიმე გამგეობამ გაითვალისწინა, რაც ნათლად ადასტურებს იმას რომ დავით ნარმანიას გადაწყვეტილებების შესრულებას მისივე მთავრობის წევრებიც კი სავალდებულოდ არ მიიჩნევენ. მაგალითისთვის, სამგორისა (SPA 160007850) და გლდანის (SPA 160007290) გამგეობების მიერ გამოცხადებულ საგზაო ტენდერებში კვლავაც არ არის მითითებული ზღვრული ფასები.

ქაოსი და განუკითხაობაა ზოგადად საგზაო ტენდერებსა და დადებულ ხელშეკრულებებში. მაგალითისთვის მოვიყვანთ ვაკის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ 2 საგზაო ტენდერს, სადაც არაკომპეტენტურობასთან ერთად დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობაც იკვეთება", - განაცხადა გრიგალაშვილმა.

მისივე თქმით, გამგეობის მიერ ზღვრული ფასების გარეშე გამოცხადებული საგზაო ტენდერი (SPA 160000739) და შემდგომ გამარჯვებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ნათლად ადასტურებს გამგეობის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას საკუთარი ვალდებულებების მიმართ. კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებული ფასები მერიის მიერ დადგენილ ზღვრულ ფასებს არარეალურად აღემატება.

"საინტერესოა პუნქტი #57 "არსებული სათვალთვალო ჭების შებათქაშება მილის დაერთებულ ადგილზე ქვიშა-ცემენტის ხსნარით" - 1 კუბური მეტრის ღირებულება 19.9 ლარი. შედარებისთვის, ამავე გამგეობის მიერ 7 მარტს ზღვრული ფასებით გამოცხადებულ ტენდერში (SPA 160007937) ანალოგიურ სამუშაოზე მითითებული ფასი 500 ლარია. ერთ-ერთ ტენდერში "დაზიანებული ასფალტობეტონის საფარის მოხსნა მექანიზმებით და დათვირთვა ავტოთვითმცლელზე" - 1 კუბური მეტრის ზღვრული ფასი 19.39 ლარია. კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ანალოგიური სამუშაოს ზღვრული ფასია 2.5 ლარი. ანუ გამგეობამ გაუგებარი მიზეზით ფასი თითქმის 8-ჯერ გაზარდა", - აღნიშნა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ზემოთმოყვანილი ფაქტები მცირე ნაწილია იმ დარღვევებისა, რომელსაც ადგილი აქვს დედაქალაქის მერიაში და რომლის შედეგად ხდება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, პროექტების ჩავარდნა და სამუშაოების უხარისხოდ შესრულება.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, მოახდინონ დროული და ადეკვატური რეაგირება თბილისის მერიაში არსებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე.