საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის (კმ138-კმ152) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები: ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს: რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის, ყინვის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) (კმ94-კმ110) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.