საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ და ლიტვის კომუნიკაციების რეგულირების ორგანომ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ლიტვის რესპუბლიკის კომუნიკაციების რეგულირების ორგანოს შორის მომდევნო ერთი წლით თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, დოკუმენტს ხელი მოაწერეს აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ და ლიტვის რესპუბლიკის კომუნიკაციების რეგულირების ორგანოს დირექტორმა ფელიქსას დობროვოლკისამ.

"ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის მჭიდრო ურთიერთობა 2011 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შედეგად დაიწყო.

ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტი მიზანად ისახავს ელექტრონული კომუნიკაციების რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას", - აცხადებენ კომისიაში.

მათივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები როუმინგული მომსახურების ბაზრის სეგმენტზე დამატებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე და მომავალ თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ. პროცესში ჩართული იქნება ორივე ქვეყნის როუმინგულ მომსახურებაზე ავტორიზებული ოპერატორები.