ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა შვეიცარიული ბანკი ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ადვოკატებმა ჟენევის პროკურატურაში ბანკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

ივანიშვილის ადვოკატთა მტკიცებით, ბანკმა არ გაატარა სათანადო ღონისძიებები ფულის გათეთრების აღსაკვეთად და თანამშრომლებს მოქმედების სრული თავისუფლება მიანიჭა.

„ამ საქმის გაცნობის შემდეგ გამოვლინდა ფაქტები, რაც გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ Credit Suisse-ში ფულის გათეთრების არაერთი შემთხვევა მოხდა“, - აცხადებენ ადვოკატები.

„ბლუმბერგის“ ცნობით, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ბანკში ფულის სავარაუდო გათეთრებამ ზარალი მიაყენა ბიძინა ივანიშვილს. ადვოკატთა ცნობით, მათი საჩივარი ეყრდნობა შვეიცარიის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოდან მიღებულ მონაცემებს.

თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან სამართლებრივი დავა დაიწყო მისი საინვესტიციო პორტფელის არასათანადოდ გამოყენების გამო, რამაც მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია.

როგორც გასულ თვეს The Wall Street Journal წერდა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა დაახლოებით 100 მლნ შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ზარალი განიცადა. სტატიის თანახმად, გასული წლის დეკემბერში და შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, ივანიშვილმა ჟენევის პროკურორს რამდენიმე საჩივრით მიმართა და ბანკ Credit Suisse-ის ცუდ მენეჯმენტსა და თაღლითობის ფაქტებზე მიუთითა.